უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერი დავით არახამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება.
"საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებთ. გაგრძელება იქნება", - წერს დავით არახამია Facebook-ზე.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.